English / ქართული / русский /
თეიმურაზ შენგელია
"მწვანე ეკონომიკის" როლი გლობალურ ურთიერთობათა სისტემაში

ანოტაცია. ეკონომიკური მეცნიერების ძირითად პოსტულატებს საფუძველი ჩაეყარა იმ ეპოქაში, როცა ადამიანის მატერიალური საქმიანობა არ აღემატებოდა ბუნებრივი გარემოს აღდგენის პოტენციალს. დღეისათვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა: ანთროპოგენურმა დატვირთვამ გადააჭარბა ბუნებრივი კომპლექსის და მთლიანად ეკოსფეროს მდგრადობას. კაცობრიობა გადავიდა თავისი ისტორიის საპასუხისმგებლო ეტაპზე, რომელიც მოითხოვს ეკონომიკის პარადიგმის ცვლილებას, მის თავსებადობას ბიოსფეროს განვითარების მოთხოვნასთან. აუცილებელია მატერიალური წარმოების კულტურის ახალ საფეხურზე გადასვლა, რომელიც თავსებადი უნდა იყოს სამყაროს ამოწურვად ეკოპოტენციალთან.

წინამდებარე ნაშრომში განხილულია "მწვანე ეკონომიკის" თანამედროვე მიმართულებები და ბუნებრივი გარემოს სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების სისტემაში ჩართვის აუცილებლობა. ანთროპოსფეროს ეკონომიკა უნდა ემორჩილებოდეს ბიოსფეროს ეკონომიკის კანონებს, რაც გულისხმობს ანთროპოცენტრიზმის საპირისპიროდ ბიოგეოცენტრიზმის პრიორიტეტს.

საკვანძო სიტყვები: "მწვანე ეკონომიკა", ეკოპოტენციალი, ამოწურვა, ეკონომიკური პარადიგმა, ცვლილება, ბიოგეოცენტრიზმი.

I. ცივილიზაციის განვითარებისა და ბიოსფეროს მდგრადობის წინააღმდეგობრივი ხასიათი

ცივილიზაციის მთელი ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით XX საუკუნის ბოლოს, ადამიანის საქმიანობა ბიოსფეროს მიმართ უმეტესწილად დესტრუქციული იყო. მოსახლეობის ზრდის შენელება და დეპოპულაცია წარმოადგენდა ბიორესურსების შემცირების მნიშვნელოვან პირობებს [3,5]. XXI საუკუნის დასაწყისში კაცობრიობა კვლავ ვითარდება ექსტენსიური ფაქტორების ხარჯზე, აფართოებს ბუნებრივი რესურსების ექსპანსიას. კონფლიქტი Aადამიანსა და ბუნებას შორის დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველეს ეკონომიკის კლასიკოსებმა (სმიტი, რიკარდო).

ბევრი ავტორი ნოოსფეროს წარმოქმნას არ მიიჩნევს შორეულ პერსპექტივად. ბუნებაზე საზოგადოების ზემოქმედების პროცესები, ახალი ტერიტორიების ათვისება, ბუნებათსარგებლობის გაფართოება და გაღრმავება მათ მიერ განიხილება, როგორც ნოოსფეროგენეზი, მაგრამ რეალურად მიმდინარეობს ბიოსფეროს შევიწროება ტექნოსფეროს მიერ. უკანასკნელი წარმოადგენს ადამიანის გონების და შრომის პროდუქტს, ეს არ არის ნოოსფერო, რაზეც თვალსაჩინოდ მეტყველებს გლობალური მასშტაბით ბიომრავალსახეობის დაჩქარებული შემცირება [7]. ეს პროცესი წარმოშობს კონფლიქტს ეკონომიკასა და ეკოლოგიას შორის. Eეკონომიკის კვლევის ობიექტს წარმოადგენს საზოგადოებრივი ურთიერთობები პროდუქციის წარმოების, გაცვლისა და განაწილების პროცესში. მთელი ეკონომიკის რესურსუზრუნველყოფის წყაროა ეკოლოგიური გარემო. ეკონომიკურ განვითარებასა და ეკოლოგიურ მთლიანობას შორის დაპირისპირება წარმოადგენს გლობალური ეკოლოგიური კრიზისის მთავარ წყაროს. Eეს პრობლემა დაისვა ჯერ კიდევ ტ. მალთუსის და ა. უოლესის ნაშრომებში. Mმისდამი ინტერესი განსაკუთრებით მწვავე გახდა დიდი დეპრესიის წლებში. რომის კლუბის ერთ-ერთი პირველი მოხსენება "ზრდის ფარგლები” [7] და სტოკჰოლმში გარემოს დაცვისადმი მიძღვნილ პირველ კონფერენციაზე მ. სტრონგის მოხსენება [10] მიეძღვნა ეკონომიკურ განვითარებასა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას შორის კონფლიქტის პრობლემის კვლევას.
ბოლო წლებში ტერმინები "მდგრადი განვითარება” და “ეკოგანვითარება” ეკოლოგიურ-ეკონომიკური მიმართულების ბევრ ნაშრომში გამოიყენება, როგორც სინონიმები. მდგრადის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების ისეთი განვითარება, რომლის დროსაც გარემოზე ზემოქმედება რჩება ბიოსფეროს წონასწორობის ფარგლებში და არ ირღვევა ადამიანის სიცოცხლის კვლავწარმოების ბუნებრივი საფუძველი [2]. დედამიწის მზარდი მოსახლეობის მოთხოვნილებები და პლანეტის ამოწურვადი რესურსები საფუძვლად ედება თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ახლებურ გაგებას. პრობლემა მჭიდროდაა დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობის ოპტიმალური ეკოკრიტერიუმის მოძებნასთან.

XX საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიო საზოგადოება სერიოზულად შეშფოთდა დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობით და ადამიანთა ცივილიზაციის შემდგომი განვითარებით. გარემოს პრობლემებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე გაეროს ფორუმებზე (იოჰანესბურგი - 2002, რიო - 2012) დეკლარირებულ იქნა მდგრადი განვითარების სტრატეგია - Sustainable Development [9]. ჯ. ფორესტერის "მსოფლიო დინამიკამ” (1970) და რომის კლუბის ნაშრომებმა არსებითი წვლილი შეიტანა გარემოს მდგომარეობასა და ცივილიზაციის განვითარების პერსპექტივას შორის კავშირების გაცნობიერებაში. მ. სტრონგმა პირველად ჩამოაყალიბა ცნება "ეკოგანვითარება” როგორც ეკოლოგიურად ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, როცა ადამიანების კეთილდღეობის ზრდას არ ახლავს ბუნებრივი გარემოს გაუარესება.

საერთაშორისო ფორუმების ჩატარების შედეგად პირველად იქნა გლობალურ დონეზე გაცნობიერებული ჩვენი პლანეტის ეკოლოგიური მთლიანობა და მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკური ზრდა. საერთაშორისო დონეზე თვალსაჩინო გახდა, რომ "ცალკე აღებულ ქვეყანაში” მდგრადი განვითარების მიღწევა ვერ მოხერხდება და რომ "ეკოგანვითარება” წარმოადგენს საერთო საკაცობრიო ამოცანას. "ეკოგანვითარების” რეალიზაციის მიზნით შეიქმნა სპეციალური სტრუქტურა - “გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა” (UNEP) [10]. მისი კვლევების ფარგლებში მიღებული პროგნოზები მიუთითებს საზოგადოების მიერ ფასეულობათა გადახედვის აუცილებლობაზე.

II. ეკონომიკის მდგარადი და ეკოგანვითარება

ცნება "მდგრადი განვითარება" ან "დასაშვები განვითარება” ახლოსაა ცნებასთან "ეკოგანვითარება”. ეკოლოგიურ ეკონომიკაში ეს ტერმინი ნიშნავს ეკოლოგიურად დასაშვებ დონეზე განვითარებას. 1992 წ. რიო-დე-ჟანეიროში გარემოს დაცვის და განვითარების კონფერენციაზე მომზადდა "კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია” და "კონვენცია ბიოლოგიური მრავალსახეობის შესახებ”. ეს დოკუმენტები გამსჭვალულია მდგრადი განვითარების კონცეფციით, რომელსაც საფუძვლად უდევს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისეთი მოდელი, როცა დღევანდელი თაობის ადამიანების სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მიიღწევა მომავალი თაობებისათვის ბუნებრივი რესურსების ამოწურვისა და გარემოს დეგრადაციის საშიშროების გარეშე. ყურადღება გადატანილია წარმოების და მოხმარების იმ მოდელების პრაქტიკიდან ამოღების სახელმწიფოებრივ ვალდებულებაზე, რომლებიც ხელს არ უწყობს მდგრად განვითარებას. ცივილიზაციის განვითარების ახალი მოდელის ფუნდამენტურ მოთხოვნილებას წარმოადგენს იმ ეკონომიკურ სტერეოტიპზე უარის თქმა, რომელიც გარემოს ხარჯზე შეუზღუდავ ზრდას განიხილავს როგორც პროგრესს.
2002 წ. იოჰანესბურგში გაიმართა გლობალური ფორუმი, სადაც გამოვლინდა მკვეთრი კონტრასტი ეკონომიკური განვითარების რეალურ ტენდენციებსა და მდგრადი განვითარების დეკლარაციებს შორის [6].

ბაზარი ვერ გრძნობს ადამიანის ბუნებაზე დამოკიდებულებას. ეკოლოგიური მოთხოვნილებებისა და ეკონომიკური ინტერესების შეჯახებამ ბუნებრივი რესურსების მოხმარების სფეროში მიიღო წინააღმდეგობრივი ხასიათი. ამ კონტექსტში საჭიროა ეკონომიკური თეორიის ღრმა ცვლილება: ეკონომიკური ურთიერთობების თანამედროვე შეფასებებიდან პრინციპულად სხვა მიდგომებზე გადასვლა, რომლებიც დაფუძნებულ უნდა იყოს "ბიოეკონომიკის” ან ეკოლოგიურ-ეკონომიკური სისტემის პოსტულატებზე, როცა, ტრადიციულთან ერთად, აუცილებელი ხდება მთავარი ბიოლოგიური კრიტერიუმების (ბიომრავალსახეობის სტაბილური განვითარება, მდგრადობის უზრუნველყოფა და სხვა) შეფასება და ღირებულების თეორიაში ჩართვა. ღირებულება, როგორც ეკონომიკური კატეგორია, უნდა წარმოადგენდეს შედეგებისა და დანახარჯების სინთეზს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ყველა აღწარმოებად და არააღწარმოებად რესურსს, მათ შორის, ბუნებრივ რესურსებსა და ეკოლოგიურ პირობებს.

III. მწვანე ეკონომიკის კონცეფცია

ეკოლოგიური პრობლემების ზრდის გაცნობიერების შედეგად დასავლურ მეცნიერებაში წარმოიშვა ტერმინი "მწვანე ეკონომიკა" [8]. იგი, UNCSD-ის განმარტებით, პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებისაA და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფისკენ, ამასთან ხასიათდებოდეს გარემოს რისკების შემცირებითა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვით [10].

მწვანე ეკონომიკაში" შემოსავლების და დასაქმების ზრდის უზრუნველყოფა იგეგმება სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების მიერ. ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ნარჩენების უტილიზაციის ეფექტიანობის ამაღლებისკენ, სამეურნეო საქმიანობის ნეგატიური შედეგების შემცირებისA და ბიოსფეროს მრავალფეროვნებისა და პროდუქტიულობის მატებისკენ. "მწვანე” ეკონომიკის ძირითადი იდეა ბუნებისადმი სამომხმარებლო დამოკიდებულებაზე უარის თქმა, გარემოს დაბინძურებისაგან, ბუნებრივი რესურსების გამოლევისაგან მიღებული ზარალის ღირებულებაში ჩართვაა. მნიშვნელოვანი ხდება ინოვაციური აქტივობაც, რომელიც სიახლეების ეკოლოგიური უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.

განვითარებულ ქვეყნებში, რომლებშიც გაჩნდა ტერმინი "მწვანე ეკონომიკა", იგეგმება უწყვეტი და მუდმივი გაუმჯობესების პროცესების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს დამატებითი ეკოლოგიური და სოციალური მოგების მიღებას. ზუსტად ასეთი გაუმჯობესების მოთხოვნა ჩადებულია ISO 14001 სტანდარტში, რომლის საფუძველზეც ხდება მთელ მსოფლიოში საწარმოების უფრო და უფრო დიდი რაოდენობის გარდაქმნა. ამ პროგრამების შედეგად ეკონომიკის ეკოლოგიზაცია უნდა განხორციელდეს არა როგორც მეორადი ეფექტი, არამედ როგორც ძირითადი მიზანი [1]. აშშ-ში იგეგმება გამონაბოლქვის 20%-ით შემცირება 2050 წლისათვის, შემდეგ 80%-ით 2080 წლისათვის. ახლო მომავალში მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკებისათვის საკვანძო განმარტებად იქცევა "მწვანე” და "დაბალ ნახშირორჟანგიანი” ეკონომიკები (lowcarbon economy) მაღალი ენერგოეფექტიანობითა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით [8].

"მწვანე ეკონომიკის” (ანუ ბიოეკონომიკის) კონცეფცია დღეს აღიქმება, როგორც გლობალური ეკოკრიზისიდან რეალური გამოსავალი. თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების ხარვეზს წარმოადგენს არასაკმარისი ყურადღება იმ გამოკვლევებისადმი, რომლებიც ეხება ბიოსფეროზე დასაშვები ზემოქმედების შეფასებას. ეკონომიკის ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფადობა დიდი ხნის განმავლობაში არ გამომდინარეობდა ეკოლოგიის კანონებიდან, მაგრამ წარმოების ზრდის კვალობაზე ამ დამოკიდებულებამ მასშტაბურად იჩინა თავი.
1950-იანი წლების "მწვანე რევოლუციის” დროიდან სურსათის გლობალური წარმოების დინამიკა ხასიათდება არა მხოლოდ საბოლოო პროდუქციის ზრდით, არამედ აგრეთვე გარემოსათვის სულ უფრო ზრდადი ნეგატიური შედეგებით, რომლებიც გამოიხატება კერძოდ ნიადაგის ნაყოფიერების და ფართობების თანმიმდევრული შემცირებით. ამ პროცესს თან ახლავს აღუდგენელი ენერგიის ხარჯვის ზრდა მემცენარეობის პროდუქციის ერთეულზე. ასე მაგალითად, 2000-დან 2016 წლამდე მარცვლეულის გლობალური პროდუქტიულობა გაიზარდა დაახლოებით 2,3-ჯერ, ამასთან, მარცვლეულის მოსავლიანობის ასამაღლებლად მტკნარი წყლის დანახარჯი გაიზარდა 2-ჯერ, აზოტიანი სასუქების - 10-ჯერ, ფოსფორიანის - 7,5-ჯერ, პესტიციდების - 6-ჯერ. ამასთან, მარცვლეულის მოსავლის ერთეულის მიღებაში აზოტიანი სასუქების ეფექტიანობა 1960 წლიდან 2000 წლამდე 4 ჯერ შემცირდა [7].

ეკონომიკურ კატეგორიებში ბიოლოგიური და ეკოლოგიური ფაქტორების შეყვანა აფართოებს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური თანასწორობის თეორიის გამოყენების სფეროს, და, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ახდენს ზღვრული სარგებლიანობის კონცეფციის რეანიმაციას. თანამედროვე ეპოქის დრამატიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ზღვრული სარგებლიანობის კონცეფცია სულ უფრო გამოყენებადი ხდება ბიოსფეროს მდგომარეობისათვის და ნიადაგების, ტყეების, მტკნარი წყლისა და ჰაერის პლანეტარული მარაგებისათვის, ანუ ისეთი რესურსებისათვის, რომლებსაც თვლიდნენ "არაეკონომიკურ” ანუ "თავისუფალ” დოვლათად. მათ კაცობრიობისათვის რეალური ღირებულება შეიძინეს. ბოლო წლებში რიგმა ქვეყნებმა არსებითად გაზარდეს ასეთი პროექტების დაფინანსება. ასე მაგალითად, ევროპის ქვეყნებმა დააბანდეს 22,8 მლრდ ევრო "მწვანე” საქმიანობაში, რაც მთლიანი მშპ-ს 0,2%-ია; აშშ-მა - 94,4 მლრდ დოლარი, მშპ-ს 0,7%. ამ მხრივ ლიდერობენ სამხრეთ კორეა და ჩინეთი: კორეამ დააბანდა 38,1 მლრდ დოლარი, ქვეყნის მშპ-ს 3%; ჩინეთმა - $215 მლრდ დოლარი - ქვეყნის მშპ-ს 3% [8].

2008-დან 2018 წლამდე პერიოდში განვითარებულმა ქვეყნებმა, რომლებიც საკუთარი ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნების პოლიტიკას ატარებენ, მოსახლეობის ერთ სულზე თავისი მარცვლეულის იმპორტი გაზარდეს 42,2%-ით, იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნებში იგი საშუალოდ 3,5%-ით გაიზარდა [8]. ეკონომიკურმა მოდელირებამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ტყეების 20 ჰექტრის ექსპლუატაციისგან დაცვა შორეულ ტროპიკულ ტყეებში ან რუსეთში ხელუხლებელი ტყის მასივების დაახლოებით 1 ჰექტარის გაკაფვის ტოლფასია [9]. ტყის პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდამ და ჩინეთსა და ფინეთში ტყის შენარჩუნების პროგრამებმა გაზარდა ზეწოლა მეზობელი რუსეთის ტყის მასივებზე. ხის მერქნის იმპორტი წარმოადგენს საკუთარი ბუნებრივი ეკოსისტემების ეკოლოგიური დაცვის ექსპორტის ეკონომიკურ ეკვივალენტს.

ერთობლივი გლობალური მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნებაც კი, რომლებიც დღესდღეობით გამოსადეგია სურსათის წარმოებისათვის [8]. 2018 წელს დედამიწის მოსავლიანობა რომ 1961 წ. დონეზე დარჩენილიყო, საჭირო გახდებოდა დამატებით 1761 მლნ სახნავი სავარგულები [10].
"მთელი ჩვენი პლანეტა იმყოფება გაურკვევლობის ზღურბლზე. შეიძლება მხოლოდ გარკვეული ალბათობით ვამტკიცოთ, რომ პლანეტა და მსოფლიო თანასაზოგადოება შედის განვითარების ახალ სტადიაში. კაცობრიობა იქცევა ძირითად გეოლოგიის წარმომქმნელ ძალად. უნდა ვაღიაროთ აგრეთვე, რომ ადამიანთა საქმიანობის შედეგად დაირღვა ბუნებრივი ციკლების წონასწორობა, რომელთა აღდგენაც ჩვენთვის ცნობილი მეთოდებით შეუძლებელია. კაცობრიობის საქმიანობა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ბიოსფეროს დეგრადაციას და ვერ იძლევა მის შემადგენლობაში ადამიანის არსებობის გარანტიას” [9]. ადვილი შესამჩნევია, რომ დღესდღეობით სიტუაცია არ შეცვლილა სამეცნიერო თანასაზოგადოების ყველა ძალისხმევის მიუხედავად. ჩვენი აზრით, ბიოეკონომიკას, ნანოტექნოლოგიებსა და გენომიკასთან ერთად, შეუძლია პირველად ჩამოაყალიბოს სოციალურ-ბიოლოგიურ თანასწორობაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური წყობა.

IV. ბიოპროდუქტების წარმოება და ბიომეურნეობების განვითარების ზოგადი ტენდენციები

ბიოპროდუქტების წარმოება და ზოგადად ბიომეურნეობები ბოლო წლებში ბევრ ქვეყანაში გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა, მაგალითად, თურქეთში თუ 1990 წელს 1000 ჰექტარი მიწა მუშავდებოდა, როგორც ბიომეურნეობა, 2012 წლისთვის მან 103 000 ჰექტარს მიაღწია. ასევე გაიზარდა ფერმერების რაოდენობა 300-დან 16 000-მდე [3].

საინტერესოა ესტონეთის მონაცემებიც: 2000-დან 2008 წლამდე ორგანული მიწების რაოდენობა 4 000 ჰექტრიდან 87 000 ჰექტრამდე გაიზარდა, ხოლო ფერმერების რაოდენობა 90-დან 1300-მდე [3]. უფრო კარგად რომ გავერკვეთ ამ მოვლენების არსში საფუძვლიანად უნდა გავიგოთ თუ რას ნიშნავს ბიომეურნეობა და ბიოპროდუქცია.

ბიომეურნეობა (იგივე „მწვანე მეურნეობა“) ნიშნავს სპეციალურად შემუშავებული და შეთანხმებული სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ მეურნეობას. ამ მეურნეობაში მოყვანილ პროდუქტს ჰქვია ბიოპროდუქტი ან ეკოპროდუქტი. ასეთ მეურნეობებში სრულიად გამოირიცხება ქიმიური საშუალებებისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით პროდუქტების წარმოება, ანუ ბიომეურნეობაში მოყვანილი პროდუქტი ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთაა. ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება. განსაკუთრებით ეს ეხება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გაცილებით მაღალია, ბიოპროდუქცია კი მაღალი თვითღირებულებით და სარეალიზაციო ფასით გამოირჩევა. როგორც ექსპერტები ასკვნიან, მცირე ქვეყნებს, და მათ შორის საქართველოს, ბიომეურნეობების განვითარებისა და კონკურენტუნარიანი პოზიციების დაკავების დიდი შესაძლებლობა აქვს.

საქართველოს არ აქვს საშუალება, კონკურენცია გაუწიოს, მაგალითად, კანადას, რუსეთს ან ამერიკას ხორბლის და სიმინდის წარმოებაში, ჩინეთს - ბრინჯის წარმოებაში, პოლონეთს - ვაშლის წარმოებაში. რადგან ამ ქვეყნებს დიდი მასშტაბები აძლევს საშუალებას, პროდუქციის თვითღირებულება მინიმუმამდე დაიყვანონ. თუმცა უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, აქვს კარგი პერსპექტივა გახდეს ბიოპროდუქციის სერიოზული მწარმოებელი და კონკურენტუნარიანი ექსპორტიორი ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ბიომეურნეობა საქართველოში არასაკმარისადაა განვითარებული.

ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმა და ესტონეთმა, სწორად განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვნად განავითარა ბიოპროდუქციის წარმოება.

თურქეთში 1992 წელს შეიქმნა "ორგანული სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციების ასოციაცია”, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო ურთიერთობითა და მისი დახმარებით ცდილობდა გაეზარდა ფერმერების ინფორმირებულობა ბიოპროდუქციის წარმოების კუთხით; თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს პასუხისმგებელ ორგანოს ბიომეურნეობების განვითარების კუთხით. იგი ახორციელებს ორგანული მეურნეობების განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების გენერალურ მენეჯმენტს. ეს სამინისტრო ახორციელებს იმ ორგანიზაციების ლიცენზირებას, რომელთაც აქვთ უფლება, გასცენ სერტიფიკატები ამა თუ იმ მეურნეობისა და პროდუქციის ბიოხასიათზე; მისი ინიცირებით მოხდა სრული საკანონმდებლო ბაზის შემუშავება ორგანული მეურნეობების ფუნქციონირების, სერტიფიცირების, ეტიკეტირების და ა.შ შესახებ.სახელმწიფო გასცემს დაბალპროცენტიან სესხებს იმ ფერმერებზე, რომელთაც სურთ თავიანთი მეურნეობების ორგანულზე გადაყვანა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით ქვეყნის 25-მდე კვლევითი ინსტიტუტი ორიენტირებულია ბიომიმართულებების კვლევაზე. ამ ძალისხმევის შედეგად თურქეთმა შეძლო 15 წლის მანძილზე ორგანული მიწების 1000 ჰა-დან 103 000 ჰა-მდე გაზრდა, ბიოფერმერების 300-დან 16 000-მდე გაზრდა, ბიოპროდუქციის წარმოების 300 000 ტონამდე გაზრდა, რომლის 90% ევროკავშირში ექსპორტირდება.

საკმაოდ დიდი ძალისხმევა აქვს დახარჯული ესტონეთის მთავრობასაც ბიომეურნეობის განვითარებისთვის. ჯერ კიდევ 2000 წელს ესტონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეიქმნა სპეციალური ბიურო, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობის სფეროა ორგანული აგრომეურნეობის განვითარებაზე ზედამხედველობა. სახელმწიფო სთავაზობს უფასო სასწავლო კურსებს ბიომეურნეებს ან ამ დარგში გარკვევის მსურველებს, რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს ორგანული სოფლის მეურნეობის კვლევის მიმართულებით და ა.შ.

საქართველოში ბიომეურნეობების სისტემური განვითარების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი არ გაკეთებულა, შეიქმნა მხოლოდ კანონი "ბიოლოგიური აგროწარმოების შესახებ”, დარეგულირდა ბიოპროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული პროცესები. რაც შეეხება დარგის განვითარების ხელშეწყობას, სახელმწიფოს როლი მინიმალურია.

ზოგადად ბიომეურნეობები საქართველოში მაშინ შეიძლება განვითარდეს, თუ შემდეგი საკითხები იქნება სისტემურ დონეზე მოგვარებული:


 ფერმერებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა და კვალიფიკაცია, თუ რას ნიშნავს ბიომეურნეობა, ბიოპროდუქტი, რა პერსპექტივები აქვს ამ დარგს, როგორ უნდა მოხდეს მეურნეობის ორგანულზე გადაყვანა და ა.შ.
 ფერმერებმა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა შეძლონ კონვენციური (ტრადიციული) მეურნეობიდან ორგანულზე გადასვლა, რომელსაც გარკვეული დრო და ფინანსური რესურსები ესაჭიროება.
 ბიომეურნეს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მის მიერ ყველა წესის დაცვით მოყვანილ ბიოპროდუქციას არ შეექმნება პრობლემები და ზოგადად არ დადგება ეჭვქვეშ მისი ორგანულობა.
 უცხოეთში სავარაუდო მყიდველის მოძიების, კონტრაქტის დადებისა და ექსპორტთან დაკავშირებული რთული პროცედურების მოგვარება სახელმწიფოს პრეროგატივა უნდა გახდეს.

დასკვნა

საბაზარო ეკონომიკა ექვემდებარება მოთხოვნა-მიწოდების კანონებს, ამიტომაც ბაზარი ეკოსისტემის მოთხოვნებისადმი ნაკლებად მგრძნობიარეა. ეკოლოგიური მოთხოვნილებებისა და ეკონომიკური ინტერესების შეჯახებამ ბუნებრივი რესურსების მოხმარების სფეროში წინააღმდეგობრივი ხასიათი მიიღო. აუცილებელი გახდა ეკონომიკური თეორიის ღრმა ცვლილება: ეკონომიკური ურთიერთობების თანამედროვე შეფასებებიდან პრინციპულად სხვა მიდგომებზე გადასვლა, რომლებიც უნდა დაეფუძნოს "ბიოეკონომიკის” ან ეკოლოგიურ-ეკონომიკური სისტემის კანვითარების პოსტულატებს. ტრადიციულთან ერთად, აუცილებელი ხდება მთავარი ეკოკრიტერიუმების (ბიომრავალსახეობის სტაბილური განვითარება, მდგრადობის უზრუნველყოფა და სხვა) შეფასება და ღირებულების თეორიაში ჩართვა. ღირებულება, როგორც ეკონომიკური კატეგორია, უნდა წარმოადგენდეს შედეგებისა და დანახარჯების სინთეზს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ყველა აღწარმოებად და არააღწარმოებად რესურსს, მათ შორის ბუნებრივ რესურსებსა და ეკოლოგიურ პირობებს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Гумилев Л.Н. (2000). Этногенез и биосфера Земли. Л.: Гидрометеоиздат.
2. Данилов-Данильян В., Лосев К. (2000). Экологический вызов и устойчивое развитие. М.: Прогресс.
3. Медоуз Д.., Рандерс И. (2018). За пределами роста. Пер. с англ. М.: Изд. «Прогресс».
4. Моисеев Н. (1990). Человек во Вселенной и на Земле // Вопр. философии. № 6.
5. Олдак П. (1983). Равновесное природопользование. Взгляд экономиста. Новосибирск: Наука, 128 с.
6. Anderson V. (2006). Turning Economics Inside Out // International Journal of Green Economics. Vol. 1, N1/2. P. 11–22.
7. Barbier E., Koch E., Sillian B. (2008). Coastal ecosystem-based management with nonlinear ecological functions and values // Science. Vol. 319, N 5861. P. 321–323.
8. Green Economics Institute. (2012). What is Green Economics? An Age of Global Transformation. An Age of Green Economics. (http://www.greeneconomics.org.uk/).
9. Guo Z., Zhang L., Li Y. (2018 ). Increased Dependence of Humans on Ecosystem Ser vices and Biodiversity // PLos. Vol. 5, N10. e13113. UNEP,. Global Green New Deal : Policy Brief ( http://www.unep.org/pdf/A_Global_Green_New_Deal_Policy_Brief.pdf ).
10. United Nations Conference on Sustainable Development [UNCSD] 2012. (http://www.uncsd .org/rio20/objectiveandthemes.html).